top of page

  

 

სცენარი #2. რომელი მედიკამენტები გამოვიყენოთ სიცხის დასაწევად ბავშვებში?

 

სიცხის დაგდება მედიკამენტების გარეშე , სავსებით შესაძლებელია. და უმეტეს შემთხვევაში – ეს არის ადეკვატური თერაპია და დახმარება ბავშვისთვის. თუმცა არსებობს ისეთი სიტუაციები , როცა მედიკამენტოზური თერაპიის გამოყენება აუცილებელი და გამართლებულია.

 

 

დასაწყისისთვის განვიხილოთ წამლების ის ფორმები , რომლებიც გამოიყენება ბავშვების მკურნალობისთვის. სიცხის დამწევი საშუალებები არსებობს შემდეგი სახის:

 

  • რექტალური სანთლები ;

  • აბები, სიროფები, მიქსტურები;

  • საინექციო ხსნარები;

 

ზედმეტი არ იქნება , თუ გვეცოდინება , რომ  სიცხის დამწევ საშუალებებს გააჩნიათ ტემპერატურის დაწევის გარდა კიდევ სხვა "თანმდევი" თვისებები:

 

  • ტკივილდამაყუჩებელი;

  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;

  • სისხლის გამათხელებელი ეფექტი;

  • ოფლდენის მარეგულირებელი;

 

 

 

რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვისთვის ტემპერატურის დაწევა მედიკამენტოზურად?

 

 ბავშვებში არსებობს  კონკრეტული ჩვენებები სიცხის დამწევი საშუალებების გამოსაყენებლად;

 

1. გართულებული სუნთქვა, მოხრჩობის ნიშნები ან სუნთქვითი უკმარისობა; 

 

სამედიცინო ფაქტი; სხეულის ტემპერატურის მატება თუნდაც 1° С–ით  ზრდის ჟანგბადის  მოთხოვნილებას 15% –ით . ბავშვებისთვის , განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებისთვის ასეთი დეფიციტის აღმოფხვრა ძალიან რთულია ხოლმე, მით უმეტეს რომ სუნთქვითი მუსკულატურა ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული.  თუ თქვენ შეამჩნიეთ , რომ თქვენს პატარას უჭირს სუნთქვა ან იხრჩობა – დაუყოვნებლივ უნდა მისცეთ სიცხის დამწევი პრეპარატი და გამოიძახოთ სასწრაფო.

 

2. თუ ბავშვი კარგავს სითხეს, ღებინების ან დიარეის დროს;

 

3. თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე და დიდი რაოდენობით სითხის მიცემა შეუძლებელია;

 

4. თუ ბავშვი ცუდად იტანს მაღალ ტემპერატურას, 

 

5, ბავშვის არაადეკვატური მოქმედებები ( ბოდვა, ისტერიკა, კივილი, შიშები და ა.შ.)

 

6. ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებები ( ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა, მენინგიტი და ა.შ.)

 

7. თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურის ფონზე ადრე ჰქონია კრუნჩხვები ; 

 

8. ტემპერატურის მატება 39° С –ზე მაღლა. 

 

 

 

ეფექტური და უსაფრთხო სიცხის დამწევი საშუალებები

 

არსებობს ორი პრეპარატი , რომელიც დაშვებულია მთელს მსოფლიოში , როგორც დამოუკიდებლად გამოსაყენებელი საშუალებები მშობლის მიერ მაღალი ტემპერატურის დროს . გაყიდვაში ისინი უამრავი  სხვა და სხვა კომერციული დასახალებებით არსებობს, მაგრამ საერთაშორისო დასახელება ყველას ერთი აქვს:

 

  • პარაცეტამოლი;

  • იბუპროფენი;

 

აფთიაქებში ორივე საშუალება ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი , როგორც აბების სახით , ასევე  სიროფების, სანთლების და მიქსტურის სახით.

 

ეს პრეპარატები – პარაცეტამოლიც და იბუპროფენიც , ერთნაირად ეფექტური და უსაფრთხოა (რა თქმა უნდა , დოზირების და მიღების წესების დაცვით) .გარდა ამისა, მათი შეძენა ნებისმიერ ქვეყანაში რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.

 

ინტერვალი სიცხის დამწევის საშუალებების დოზებს შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 4 საათს. 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია  4 დოზის მიღება.

 

 

რკინის წესი : სიცხის დამწევის მიღების  შემდეგ თუ 30–40 წუთში  ტემპერატურამ კლება არ დაიწყო  – ეს არ არის  დამატებითი დოზის მიცემის საბაბი . ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა  მიმართოთ ექიმს. 

 

 

და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში , თუ სამედიცინო დახმარება რაიმე მიზეზით იგვიანებს ან შეუძლებელია, შეგიძლიათ შემდეგი ტაქტიკის გამოყენება; მიეცით ერთი პრეპარატი და თუ 40 წუთში არ იმოქმედა, შეგიძლიათ მისცეთ მეორე (ოღონდ იგივე არა!). მაგალითად, ღამით თქვენს პატარას აუწია სიცხემ, თქვენ მიეცით მას შესაბამისი დოზა პარაცეტამოლი (მნიშვნელობა არ აქვს –აბი, სიროფი თუ სანთელი) , 40 წუთის შემდეგ ტემპერატურამ არ დაიწია, მაგრამ ექიმთან დილამდე ვერ მოხვდებით – ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მისცეთ შესაბამისი დოზა იბუპროფენი. ან პირიქით ; ჯერ მიეცით იბუპროფენი , არ იმოქმედა – მიეცით პარაცეტამოლი.

 

 

უფრთხილდით საშიშ პრეპარატებს!

 

ჩვენი ბავშვისთვის ეფექტური სიცხის დამწევი საშუალებების ძებნაში , ჩვენ ხშირად შეიძ;ლება "წამოვეგოთ" საეჭვო რჩევებს და რისკისშემცველ პრეპარატებს. ყველაზე საშიში მათ შორის ორი ძალიან გავრცელებული და ცნობილი მედიკამენტია ; 

 

 

  • აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) .

 

დიდი ხნის განმავლობაში ასპირინი ითვლებოდა ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ პრეპარატად , რომლის გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეიძლებოდა. და მართლაც, მისი სიცხის დამწევი ეფექტი რამდენჯერმე უფრო ძლიერია პარაცეტამოლზე და იბუპროფენზე. მაგრამ , დღეს უკვე კვლევებით დადგენილია ,რომ მისი გამოყენება საბავშვო ასაკში იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებას , როგორიც არის რეის სინდრომი – ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია. რეის სინდრომი იწვევს ღვიძლის კატასტროფულ დაზიანებას, რომელიც 50% –ში ლეტალური შედეგით მთავრდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , რომ ასპირინი საშიშია მხოლოდ ბავშვთა ასაკში და მხოლოდ იმ შემთხვევებში , როცა ის ვირუსული ინფექციების ფონზე ინიშნება. მაგრამ ბავშვებში ძირითად , ტემპერატურის მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექციებია !

 

ვირუსული ინფექციების დროს აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის)  მიღება ხშირად იწვევს ბავშვის სიკვდილს.. უფრო მეტიც ,საბავშვო ასაკი , როდესაც ასპირინის მიღება საშიშია, გრძელდება 18 წლამდე.

 

  • ანალგინი 

 

 

ანალგინს , როგორც სიცხის დამწევ სასუალებას , ხშირად იყენებენ სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ბრიგადების თანამშრომლები იმ სიტუაციებში, როცა სხვა საშუალებები არ მოქმედებენ და ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. და მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლად მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. პირველ რიგში იმიტომ , რომ მას გააჩნია უამრავი ნეგატიური გვერდითი ეფექტი , რომლებიც განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ყველაზე დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს სისხლმბადი სისტემის მხრივ.

 

მშობლებმა მკაფიოდ უნდა  გაიგონ , რომ მაღალი ტემპერატურის  დამოუკიდებლად დაწევის მცდელობისას , მათ მხოლოდ ორი პრეპარატის გამოყენების  უფლება აქვთ , რომელიც ნებადართულია  მთელ მსოფლიოში  – პარაცეტამოლის და იბუპროფენის. სხვა დანარჩენი მედიკამენტები უბრალოდ დაივიწყეთ ! 

 

 

სიცხის დამწევი საშუალებები; დოზირება და მიღების წესი

 

სიცხის დამწევი საშუალებები არასოდეს მიიღება გეგმიურად. ეს წამლები გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება და მათ კონკრეტული ჩვენებები აქვთ (იხ. ზევით ). და  ამ ჩვენებებში უმთავრესი კრიტერიუმი ბავშვის ზოგადი მდგომარეობაა. თუ 38° С ტემპერატურაზე პატარა აქტიურია, ღებულობს სითხეს, ნორმალურად სუნთქავს , ადეკვატურად იოფლება  და თავს სტაბილურად გრძნობს – სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება არ არის აუცილებელი. საკმარისია ოთახში "ჯანსაღი" კლიმატის შექმნა ( ნოტიო და გრილი ჰაერი) , დიდი რაოდენობის სითხის მიცემა და სიმშვიდე.

 

და პირიქით, თუ 37, 5° С – ზე აქვს კრუნჩხვები, ვერ ღებულობს სითხეს, აღებინებს – ტემპერატურის დაწევა უნდა დაიწყოს სიცხის დამწევი საშუალებებით.

 

 

როგორ გავიგოთ მუშაობს თუ არა სიცხის დამწევი საშუალება?

 

ამის გაგება საკმაოდ მარტივია – ეფექტი უნდა დადგეს 35–40 წუთში. თუ წამლის მიღებიდან 30–40 წუთში (რექტალური სანთლების გამოყენებისას – 60–90 წუთში) ტემპერატურამ არ დაიკლო – ეს იმის მაჩვენებელია , რომ პრეპარატი არ მოქმედებს და საჭიროა ექიმის დახმარება.

 

მნიშვნელოვანი ნიუანსი : რექტალური სანთლების გამოყენებისას უნდა ვიცოდეთ , რომ  მათი შეწოვა სისხლში გაცილებით უფრო გვიან ხდება , ვიდრე იმ პრეპარატების გამოყენების დროს, რომლებიც პირდაპირ კუჭში ხვდება. შესაბამისად მათი ეფექტიც უფრო გვიან დგება.

 

თქვენ , როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე მშობლებმა , უნდა გაითვალისწინოთ ის , რომ სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება არ გამორიცხავს ყველა იმ მოქმედებების დაცვას , რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი არამედიკამენტოზური მკურნალობა ითვალისწინებს. თუ თქვენ თქვენს პატარას სანთელს გაუკეთებთ , მაგრამ ოთახში ტემპერატურის დონეს არ დაიცავთ, არ დაალევინებთ სითხეს – პრეპარატი შესაბამის ეფექტს ვერ გამოიღებს. ნებისმიერი პრეპარატი ეფექტურია მხოლოდ  ადეკვატური პირობების დაცვის შემთხვევაში , რაც თავისთავად გულისხმობს არამედიკამნტოზურ მეთოდებს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

           

 

       

 

      

    

     

  

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს
2გვერდი
შემოგვიერთდით
  • Google+ Black Round
  • Facebook Black Round
  • Instagram Black Round
bottom of page