გილოცავთ და მივესალმები თქვენს ახალ მდგომარეობას !
აი რას უნდა ველოდოთ ყოველ კვირას და როგორია ბედნიერი, ჯანმრთელი ორსულობა.
ორსულობა კვირიდან კვირამდე

ორსულობა ტრიმესტრის მიხედვით
ორსულობის კალკულატორები

ორსულობის 5 კვირა
შენი შვილი უკვე ფორთოხლის მარცვლის ზომისაა. განვითარებას იწყებს ბავშვის გული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ქორიონული გონადოტროპინის დონე შენს ორგანიზმში საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ფეხმძიმობის ტესტმა დადებითი პასუხი დააფიქსიროს.
მაშ ასე, როგორ გამოიყურება ემბრიონი ამ დროისთვის? --- ის უკვე ფორთოხლის მარცვლის ზომისაა (რა სწრაფად იზრდება, არა?!) ცოტათი თავკომბალას წააგავს, უბრალოდ რუდიმენტული (განუვითარებელი) თავითა და კუდით. არა, ნუ დარდობ --- მართლა ბაყაყს კი არ ელოდები. სინამდვილეში, სულ რაღაც რვა თვეში (არც კი) გულში ჩაიკრავ შენს პატარა პრინცს ან პრინცესას. ამასობაში კი, ქორიონული გონადოტროპინის დონე შენს ორგანიზმში საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ფეხმძიმობის ტესტმა დადებითი პასუხი მოგცეს. დაგეგმე ექიმთან ვიზიტი, რათა საბოლოოდ დარწმუნდე შენს ორსულობაში და მშობიარობის თარიღიც შეათანხმო.
ემბრიონის გულისცემა
ემბრიონს, სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი --- ბავშვის ყველა ძირითადი (თუ უმნიშვნელო) სისტემების (საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ა.შ.) და ორგანოების (გული, ფილტვები, კუჭი... და სხვ.) ჩამოყალიბება ნულიდან უნდა დაიწყოს. ყველაზე ადრე ფუნქციონირებას იწყებს გულ-ისხლძარღვთა (ანუ სისხლი) სისტემა --- და მისი თანმხლები ორგანო: გული, გულისცემის მოსმენა კი შესაძლებელია ექოსკოპიის ადრეულ ეტაპზე. ორსულობის 5 კვირას ბავშვის გული შედგება ორი პაწაწინა არხისაგან, რომელსაც გულის მილები ეწოდება --- და ისინი უკვე აქტიურად მუშაობენ და ხმამაღლათაც ყვირიან (სულ მალე კი ეს ყვირილი კოორდინირებული გახდება). ბავშვის გული სრულყოფილ ფუნქციონირებას იწყებს მას შემდეგ, რაც ეს მილები ერთმანეთს შეერწყმებიან (თუმცა, რასაკვირველია, შენს გულზე ძალაუფლება მან უკვე თითქმის მოიპოვა). ამ კვირაში საქმეში სხვა ორგანოებიც ერთვებიან, მათ შორის ნერვული მილი (თავისა და ზურგის ტვინის წინამორბედი), რომელიც ჯერ კიდევ არ არის დახურული (სავარაუდოდ მომდევნო კვირას ღია კარის პოლიტიკა დასრულდება).
შენი ორგანიზმი ორსულობის 5 კვირას
ქორიონული გონადოტროპინი და ორსულობის ტესტი
ამ დროიდან მენსტრუალური ციკლი შეგიწყდება --- ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ ფეხმძიმედ ხარ. ორსულობის ტესტის დროა. ორსულობის 5 კვირას შარდში ქორიონული გონადოტროპინის დონე (ორსულბის მაუწყებელი ჰორმონი) საკმაოდ მაღალია, ორსულობის ტესტს არ გაუჭირდება მისი აღმოჩენა და შენი ეჭვებიც დადასტურდება: გილოცავ, შენ ნამდვილად ფეხმძიმედ ხარ! სავარაუდოდ, ეს სიახლე შენში გამოიწვევს არაერთგვაროვან ემოციებს დაწყებული წრფელი სიხარულით და დამთავრებული უცნაური შიშის გრძნობით, როგორც კი გააცნობიერებ, რომ მალე დედა გახდები. ამ პერიოდში ხასიათის ცვალებადობა საკმაოდ ნორმალურია (ძალიან ჰგავს პმს-ის --- პრემენსტრუალური სინდრომი) და ჯობია, თუ თავიდანვე შეეგუები ამას, რადგან მომდევნო ცხრა თვის მანძილზე მასთან ერთად მოგიწევს ცხოვრება.
ადრეული ფეხმძიმობის ნიშნები
არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე ვლინდება. ერთე-ერთია უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება, თითქოს უზარმაზარმა ზღვის ტალღამ გადაგიარა. აგრეთვე,ულტრა მგრძნობიარე მკერდი ან, მსუბქი გულისრევის შეგრძნება, განსაკუთრებით დილაობით (და არა მარტო). მუცლით ბავშვის ტარება --- თუნდაც ის ვაშლის მარცვალზე პატარა იყოს --- ადვილი საქმე არ არის და შენი ორგანიზმიც შესაბამისად რეაგირებს.
ორსულობის ჰორმონები
ორსლობის ჰორმონების --- ქიმიური სიგნალები, რომლებიც ცირკულირებენ შენს ორგანიზმში და მასთან ერთად მოქმედებენ, რათა გამოწვიონ სათანადო ცვლილებები --- დონემ შენს ორგანიზმსი საკმაოდ მოიმატა. ორსულობის ძირითადი ჰორმონებია: ესტროგენი --- ხელს უწყობს ორგანიზმში პროგესტერონისა და hCG (ქორიონული გონადოტროპინის) დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას; პროგესტერონი --- უპირველეს ყოვლისა საშვილოსნოს ლორწოვანს ჩანასახის მისაღებად ამზადებს, გარდა ამისა იწვევს საშვილოსნოს მძლავრი გლუვკუნთოვანი შრის (და სხვა ორგანობის) მოდუნებას, უზრუნველყოფს პლაცენტის ფუნქციების ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების განვითარებას; ხოლო hCG ( ქორიონული გონადოტროპინი) უზრუნველყოფს ყვითელი სხეულის (რომელიც პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, სანამ პლაცენტა ჩამოყალიბდება, ამარაგებს ბავშვს საკვები ნივთიერებებით) ფუნქციონირებას და ეხმარება პროგესტერონს შეინარჩუნოს მისი სათანადო ნორმა. ეს ჰორმონები სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია შენთვის და ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის. ამ წუთიდან ისინი პასუხისმგებელნი არიან შენს სიცოცხლეზე!
სცადე ეს: მოუყევი მეგობრებს შენი ორსულობის შესახებ
გიფიქრია შენ ან შენს პარტნიორს შენი ორსულობის შეასხებ ახალი ამბის გავრცელების თაობაზე, მას შემდეგ რაც ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა? თუ ფიქრობ, რომ ჯერ არ არის სათანადო დრო, რათა ხელი სტაცო მეგაფონს (ან ტელეფონს... ან კომპიუტერის კლავიატურას) და დაიწყო სასიხარულო ამბის გაზიარება? ეს მხოლოდ თქვენ ორის გადასაწყვეტია. ზოგიერთი წყვილი სულმოუთქმელად ელოდება ამ ამბის გახმაურებას (რომ შეეძლოთ ყველაზე მაღალი მთის წერტილიდან იყვირებდნენ), მაგრამ ზოგიერთი ამჯობინებს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვას მესამე თვის დასრულებამდე, რადგან ამ დროს მუცლის მოშლის საშიშროება საგრძნობლად დაბალია. და მაინც ბევრს ურჩევნია დედად (და მამად) გახდომამდე არ ისაუბრონ ამ თემაზე, მაგრამ ენას ვეღარ აჩერებენ და იწყებენ ყბედობას, როგორც კი ამის შანსი ეძლევათ. განიხილეთ ეს საკითხი ერთად. გახსოვდეს ეს მხოლოდ თქვენი პირადი „ნიუსია“, მანამდე სანამ არჩევანს გააკეთებთ და გაახმაურებთ.
სხვა რჩევები:
დროა ამოიღო ზოგიერთი საკვები მენიუდან. მაგალითად: არაპასტერიზებული საკვები, ნახევრად უმი ხორცი ან თოხლო კვერცხი და ეკოლოგიურად დაბინძურებული ზღვის პროდუქტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებები და ავნოს ბავშვის ჯანმრთელობას.
გაითვალისწინე! ექსპერტების დასკვნით, მომავლი დედები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხონ კატის ტუალეტს, რომელიც შეიცავს ტოქსოპლაზმის გამომწვევ ნივთიერებებს და საშიაშია ემბრიონისთვის.
ორსულებისთვის კბილების სტომატოლოგიური გაწმენდა, რენდგენი და კომპიუტერული გამოკვლევა ნორმალური მოვლენაა --- და აუცილებელიც კი. მომავალი დედების 40% დაახლოებით, აწუხებს პერიოდონტალური დაავადება, რაც ზრდის პრე-ეკლამპსიის რისკებს.
ძირითადი სიმპტომები
ხშირი შარდვა
ამ დღეებში რატომღაც ძალიან ბევრ დროს ატარებ ტუალეტში, არა? ორსულობის ჰორმონი - hCG - აძლიერებს სისხლის ნაკადის მიმოქცევას მენჯისა და თირკმლის არეში და ისიც განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობას (ბოლოსდაბოლოს ორი ადამიანის ნაცვლად შარდავ). ასევე, საკმაოდ იზრდება საშვილოსნოს ზეწოლა შარდის ბუშტზე, რაც თავისთავად უფრო ხშირს ხდის შარდის გამოყოფას. რა უნდა გააკეთო ამ დორს? უფრო სწორად რა არ უნდა გააკეთო? არავითარ შემთხვევაში არ მოუკლო სითხის მიღებას (იმის იმედით რომ ტუალეტში არ ირბენ), რადგან შენ და შენს პატარასაც აუცილებლად გჭირდებათ სითხის საჭირო მარაგი, რათა ორსულობის პერიოდში არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოვანება. თუმცა, შეგიძლია გვერდი აუარო ისეთ შარდმდენ საშუალებებს როგორიცაა კოფეინი, მაგალითად, რომელიც ისედაც გახშირებულ შარდვას კიდევ უფრო გაახშირებს.
დაღლილობა
ორსულობის პერიოდში შენი ორგანიზმი დიდი დატვირთით მუშაობს, რაც იწვევს სისუსტეს და ენერგიის დაქვეითებას. პირველი ტრიმესტრის მანძილზე ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში (კერძოდ პლაცენტის), რის გამოც შეიძლება თავს ოდნავ დაღლილად ან მთლიანად გამოფიტულად გრძნობდე. დამნაშავეა აგრეთვე, შენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური (და ემოციური) ცვლილებები. კარგი ამბავი: პირველი ტრიმესტრის ბოლომდე, შენი ორგანიზმი დაასრულებს ამ უმძიმეს დავალებას --- პლაცენტის წარმოებას --- და შენც მოგეშვება, მალევე იგრძნობ ახალ ენერგიას და ძალების აღდგენას. მანამდე კი, მოუსმინე შენს სხეულს (რომელიც გიჩიჩინებს, რომ ის დაქანცულია), დაისვენე ბევრი და იკვებე სწორად (და ხშირად!).
მკერდის ცვლილება და ტკივილი
რა იწვევს მკერდის ზომაში მომატებას ან ტკივილს და რატომ ხდება ის ულტრასენსიტიური? მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონებია, კერძოდ კი, ესტროგენისა და პროგესტერონის დუეტი.არსებობს კიდევ ორი ფაქტორი: პირველი, ამ დროს სარძევე ჯირკვლებიში გროვდება ცხიმი,რაც აუცილებელი და საჭიროა, ხოლო მეორე მომატებული სისხლის ნაკადი აწვება მკერდის მიდამოებს, ორივე მათგანი კი ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. იმისათვის, რომ შეგიმსუბუქდეს ტკივილის შეგრძნება, სწორად უნდა შეარჩიო ლიფი (შეგიძლია ლოგინშიც გაიკეთო, თუ თავს კომფორტულად იგრძნობ). სთხოვე შენს პარტნიორს გამოიჩინოს მეტი მზრუნველობა (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეხედე, მაგრამ არ შეეხო, ძვირფასო!).
გულისრევის შეგრძნება
გულისრევის შეგრძნებამ --- განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში --- რომელიც ზოგჯერ ღებინებასაც იწვევს, შეიძლება ნებისმიერ დროს შეგაწუხოს, დღე იქნება ეს თუ ღამე (და არა მარტო დილას!). გულისრევას ჰორმონების გაურკვეველი კომბინაცია, მომატებული სტრესი და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები (როგორიც არის ყნოსვის მძაფრი შეგრძნება, მაგალითად) იწვევს. როგორ ვაკონტროლოთ გულისრევა? არ გამოტოვო კვება (რამდენადაც აუტანელი არ უნდა იყოს ამ დროს ჭამაზე ფიქრი). ეცადე მიიღო ჯანსაღი საკვები.
ნერწყვის სიჭარბე
მოულოდნელად აღმოაჩინე, რომ სრულიად უმიზეზოდ დორბლი მოგდის? ეს ორსულობის ერთ-ერთი უსიამოვნო სიმპტომია: გულისრევის შეგრძნება და ნერწყვის სიჭარბე (და, დიახ, ამაშიც დამნაშავე ისევ და ისევ ის აუტანელი ჰორმონებია!). როგორ ვებრძოლოთ დორბლიანობას? უშაქრო საღეჭი რეზინი დაგეხმარება პირის სიმშრალის შესანარჩუნებლად.
საკვების მიმართ ზიზღი და ჭამის სურვილი
უეცრად საშინლად მოგინდა შემწვარი ყველის სენდვიჩი? სალათების (ან საერთოდ სიმწვანის) დანახვაზე გული გერევა? კეთილი იყოს შენი მობრძანება სურვილისა და ზიზღის უცნაურ სამყაროში. აქაც ჰორმონები ასრულებენ მთავარ როლს (როგორც ორსულობის ყველა სიმპტომის შემთხვევაში) --- განსაკუთრებით პირველ კვირეებში, როდესაც შენი სხეული ეგუება ჰორმონების შემოტევას. „თუ ვერ ამარცხებ, მაშინ შეუერთდი“ --- რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. დაიკმაყოფილე შენი სურვილი, ოღონდ ერთი ფილა შოკოლადის ნაცვლად მიირთვი პატარა ფირფიტა, ხოლო საკვები, რომელსაც ვერ იტან შეცვალე სხვა ჯანსაღი პროდუქტით (მაგალითად სალათები, შეცვალე ბოსტნეულის წვენით).

თქვენი პატარა ორსულობის 5 კვირას
ორსულობის 5 კვირა
დაუსვი კითხვები ექიმს?
არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტები, რომელსაც მოვიხმარდი ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში? თუ არა, რომელია სხვა მიზანშეწონილი საშუალებები?
როგორ დავანებო მოწევას თავი?
არის თუ არა ორსულბა სარისკო ჩემთვის ჩემი ოჯახის ისტორიიდან ან რაიმე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე?
რკინის შემცველ პრეპარატების მიღებისას მეწყება ყაზბობა. შეიძლება თუ არა მივიღო ისეთი პრენატალური ვიტამინები, რომლებიც არ შეცავენ რკინას?
რა შეიძლება ჩემმა პარტნიორმა გააკეთოს დაორსულების შანსების გასაზრდელად?
თუ შევწყვიტავ კონტრაცეპტივების მიღებას რამდენ ხანში შევძლებ დაორსულებას?
ბევრს ვვარჯიშობ. უნდა შევამცირო ან უბრალოდ არ გავაკეთო გარკვეული ვარჯიშები ახლა ან ორსულობის პერიოდში?
მსმენია, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიანობასა და ორსულობაზე? რომელი პროდუქტი არ უნდა გამოვიყენო?
უნდა შევცვალო თუ არა კვების მენიუ? შეიძლება თუა არ გავაგრძელო ჩემი ვეგეტარიანული დიეტა?
სახლში კატა გვყავს. ჩავიტარო თუ არა ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე ორსულობამდე?


























